Poems

აუტიზმი. ამეტყველება

როგორ სათითაოდ ჩამოხოცა
მავთულზე ჩამომსხდარი სიმღერები
ყინვამ.
ყურებზე ხელი ავიფარე
ვისმენ – სიტყვა სად იბადება,
ვინ ვარ.
დავდივარ თვალებით – ღია გალიებით –
რომ შიგნით მოვიმწყვდიო
ჭრელი თუთიყუში-ქვეყანა.
ჩემ წინ და ჩემ უკან სამიოდ ნაბიჯი
და მერე ხელახლა
და მერე თავიდან
მსოფლიოს გარშემო რკინიგზა გამეყვანა
მსურდა.
და ვტრიალებ, ვტრიალებ
ვტრიალებ
ვიწევი. ვმუსუბუქდები, ვმჩატდები, ვვარდები . . .
ღრუბლების ხაო და ნოტიო შეხება
დედამ ჩამოკიდა ახალი ფარდები.
პირში მიწის ოდნავ მომჟავო გემო აქვს
ბიჭს, ჩემში რომ უდგას საწოლთან ტორშერი
და თბილი ხელების დათრგუნველ შეხებას
ძვირფასი თვალების ალესილ შეხედვას
კაშკაშა პროჟექტორებს თოფივით მოშვერილს
იშორებს . . .
ცაში კი სიტყვები ჩხავიან
როგორც თოფის სროლით დამფრთხალი ყვავები
გაჩუმდი, გეყოფათ!
ერთს მოვდე ანკესი –
და თავზე
და თავში
მთელი ცა მემხობა!
ვიწყებ –
დავაწერე ყვავების გუნდები
სანოტო ხაზებს, ტელეფონის მავთულებს –
პირში მიჩხავიან მარტივი სიტყვები –
რომელთაც თან და ქვე ვაწყობ
და
ვართულებ.

Share this poem

view comments

Comments (0)

No comments yet - be the first:

Leave a comment