Poems

ცეკვის გაკვეთილები (რიტმი 3/4)

ანტარქტიდაზე ყინული 
ჯერ დატყდა, მერე შეწებდა – 
სწორედ ასევე ფეხი ფეხს 
მიადგი 
ვითომ იპოვნე – 
ეძებდი. 
წესი: მიეყრდნო საკუთარ 
მხრებს  
– ნიშნავს მხრებში გამართვას, 
მწვერვალზე ასობ ხერხემალს 
თითქოს და 
მერე დაეშვი 
დაღმართი. 
პა: შენი ხელი მის მხარზე 
როგორც სიტყვაზე მახვილი, 
მისი მარცხენა შენს წელთან 
და თითქოს 
მცენარის ბოლქვი 
გაღვივდა. 
ახლა 
ნაბიჯი – მოქცევა, 
მერე 
ნაბიჯი – მიქცევა 
და მერე თითქოს წყალი ხარ 
და მწყურვალის თვალწინ 
იქცევი. 
წესი: უყურე თვალებში, 
რომც იყოს სარკე – გორგონა, 
მორგება მისი ნაბიჯის, 
როგორც ახალი ფეხსაცმლის 
მორგება. 
პა: თითქოს მთვარე აფეთქდა 
და ნამსხვრევებად ფეხები. 
და ბრუნვა ღერძის გარშემო 
და თავბრუ, 
როგორც შლეიფი 
გეხვევა. 
გამოიყვანე სხვა რიტმი 
შენი და მისი პულსიდან 
ჯამით. 
და ახლა ყველაფერს 
გავიმეორებთ 
თავიდან 
მუსიკა!

Share this poem