Poems

მინდოდა, მეკითხა,

ხომ არ მოგენატრე,
ჩემი თითების სუნი ხომ არ გაგახსენდა, როცა დაგირეკე
და სხვათა შორის გითხარი რაღაც,
შენ კი ათასი შეკითხვა დამიბრუნე, ათასი უშინაარსო შეკითხვა, რომელთაგანაც არცერთი არ იყო:
„როგორ ხარ?“
„ისევ გიყვარვარ?“
„გინდა, საღამოს კინოში წავიდეთ?“ 
მინდოდა, მეთქვა,
რომ მე ყოველთვის მიჭირდა
უბრალო წინადადებების მოძებნა შენთან სალაპარაკოდ, მეგონა, ისინი ვერ გამოხატავდნენ
ჩემს შენდამი სიყვარულს,
ჩემს ყველა ტკივილსა და შიშს,
ჩემს დახუჭულ თვალებში დაძინებულ სურვილებს.
მე ყოველდღე გიყვებოდი ამბებს
ჩემზე და სხვა ადამიანებზე,
ყოველდღე გწერდი ათას სიტყვას,
რომელთაგანაც არცერთი არ იყო:
„მიყვარხარ!“
„მომენატრე!“
„მოდი!“ 
მინდოდა, დაგენახა,
რომ მე აღარ ვარ ისეთი ლამაზი,
როგორიც ვიყავი შენს გვერდით,
როგორიც ვიყავი შენს ცხოვრებაში, რადგან სილამაზე სარკეა –
ის ბედნიერებას ირეკლავს.
მე კი, რაც შენ დაივიწყე ჩემი მისამართი, 
ყველა სარკეს შავი ნაჭერი ჩამოვაფარე, ოთახის შუაში დავასვენე ოცნებები
და ვთქვი:
„აღარ დაბრუნდე!“ 
„აღარ შემხვდე!“ „აღარ დამიძახო!“ 
და მაინც,
იმ საღამოს, დაღლილი რომ ჩამოვჯექი კართან და არავის მოსვლას დაველოდე,
მომინდა, მეკითხა,
ხომ არ მოგენატრე,
შემთხვევით,
სრულიად შემთხვევით . . .