Poems

მაისის თაფლი

რა ადვილია რომ მიყვარდე
ანუ მაგრად მოვმუწო პირი
რომ ჩემს მუცელში მოზუზუნე
მუშა ფუტკრებმა
არ შეგატოვონ ფაქიზი და მყიფე ნესტარი,
მიყვარდე, ნიშნავს, რომ დაგიცვა
ჩემი კოცნისგან.

რა ადვილია, რომ მიყვარდე
კანის ფორებში – ფიჭის უჯრებში
გამოვჩეკო თბილი ჭუპრები:
შეხება
სუნი
მახსოვრობა
ჩვევა
შეჩვევა –
დავაფრთიანო
მოგცე სხვასთან ყოფნის უფლება.

რა ადვილია რომ მიყვარდე,
ყოველ დილით დავუხშო ბაგე
უსქესო ფუტკრებს
- შთაგონების მუშა ქალწულებს
მტვრითა და ცვილით ამოვლესო
ჩემი სკის კარი
მიყვარდე – ნიშნავს იყო შორს და
ჩემგან დაცული.
რა ადვილია, როგორც ოქროს მიწაში დაფლვა,
არადა ისე უმიზეზოდ დამწიფდა თაფლი.

შენ ხარ აქამდე

Share this poem

view comments

Comments (0)

No comments yet - be the first:

Leave a comment