Poems

**** (‘თვალის გახელა უკვე…’)

თვალის გახელა უკვე მხოლოდ იმის ნიშანია, 
რომ მზადა მაქვს ძარღვები ლიანდაგებად. 
და ბეჭების შემცივნულ ბაქანზე 
ხერხემლის წყვეტილ და გამაფრთხილებელ ზოლს იქით დგანან 
მოსაგვარებელი ამბები. 
ამის მერე 
ახალი დღეც ისე გრიალით შემოდის ტანში, 
როგორც მობერებული, ძვლებამოყრილი მატარებელი 
მორიგ სადგურში 
და ეს დაფეთებული გაღვიძება 
ყველაფერს ერთმანეთზე ახეთქებს: 
როგორ არიან, ვინც მიყვარს, 
ამინდმა ქალაქის ფერები როგორ გადააწყო, 
ხომ ყველა სახლში დაბრუნდნენ ისინი, 
ვისაც მთელი ღამე ელოდნენ 
და მათაც ხომ შეძლეს გაღვიძება, ვისაც არავინ ეძებს, 
ხომ ყველა თონე გახურდა 
და ყველა პურის ცომი ამოფუვდა, 
ხომ ისევ მზადა მაქვს გული, 
რომ გავიყვანო კიდევ ერთ ახალ დღეში, 
როგორც მძინარე ახალშობილი - 
თვალუწვდენელი სამჭედლოს ზრიალში და ვხვდები: 
ან ზედმიწევნით ზუსტად უნდა იცოდე 
როგორ მოყვე საჩვენებელი სიცოცხლის ზურგსუკანა ამბები, 
ან ზედმიწევნით ზუსტად უნდა იცოდე
როგორ გაჩუმდე.