Poems

ლოცვა საზრდელის მიღების წინ

შენ, ვინც შემქმენი ორი ხელით და ერთი ჩანგლით,
ერთი კოვზით და ერთი პირით – ბევრი სარჩულით,
ორი ჩხირით და მაკარონის ფერადი ნართით,
მომეცი ნიჭი – ხორცი ძვლისგან გამოვარჩიო,
შენ, ვინც მასწავლე ჭირსა შიგან გავიქვიტკირო
კუჭი – მშიერმა მხოლოდ ხახვის ცრემლით ვიტირო,
რომ ამბრის ნაცვლად სჯობს ილი და კამა ვაკმიო,
რომ პური ჩვენი არსობისა ერთი ლუკმაა,
და ამიტომაც ვიდრე წყალი ძმარს შეერია,
ვილოცო მათთვის, ვინც მშიერია,
მართალია, ვინც მშიერია.
ვამზადებ მსუყე სადილს:
ჭუპრები, ტერმიტები,
ის ლუკმა, რასაც მაწვდი ხან არ,
ხან ვერ მინდება
ვიმზადებ მსუყე სადილს:
კნუტები, წიწილები,
ის ლუკმა, რასაც მაწვდი,
არ მინდა, გიწილადებ:
ცაში დაღვრილი რძე როგორც ზღვაში ჩაღვრილი
ნავთობი
ყველა უცნობი მზე და მეტეორი და მნათობი
რაც ცაში ცა და ჩიტია რაც ზღვაში ზღვა და თევზია
ყველა მარილის კვნიტი და შაქრის ნატეხი. სავსეა
შენი ჭიქა და ჯამი და თეფში და შენი სუფრა:
შენ,
ვინც მომეცი შიმშილი
მფლობ – ჩემს მადაზეც უფლობ.
ვდგავარ და თეფში მაქვს პეშვივით გაშვერილი
შეეჭრა დანას პირი
გახსენებ დანაპირებს:
როდესაც დამივიწყებ, მოვალ და გიშველიო
მე – ის ვინც დააპურე
და ის, ვინც დაგაპურებს.