Poems

რეტროსპექტივა

თავიდან იყო შიში
კიდევ იყვნენ ლექსები.
მერე მოვიდა კაცი,
როცა გაქრა ყველა სხვა,
მოვიდა კაცი –
გაქრა შიში,
მოვიდა ბავშვი –
შიშიც დაბრუნდა –
უეცარი სიკვდილის შიში. –
მერე მოვიდა იავნანის ტალღა – დამახრჩო,
მერე რძის სუნმა დამაყრუა –
ყველა ხმა გაქრა – ჩემის გარდა,
ისიც შიგნიდან რეკავდა, როგორც
ჩაგდებული (ზარის) ენა –
რბილი ლითონი.
ყველა ხმა გაქრა –
ეჭვიანი, თბილი, როყიო,
მონატრებული, ტკბილი
ანდა
მკაცრი, ლიტონი.
ანორექსია – სიყვარული
ძვალს და კანს შორის
ვერ იგუებს ზედმეტს – მესამეს,
ანუ ლექსები –
დარდიანი ჭირისუფლები –
მე – მიცვალებულს –
სათითაოდ გამომესალმნენ.
და როცა ბავშვი
დილის რძეს
და შუადღის ფაფას
შორის –
დებულებს –
მარცვლებს ამბობს,
მერე ურითმავს –
და სიტყვებს აგებს –
ფერად-ფერად პლასტმასის კუბებს –
მე ზუსტად ვხვდები – რისი თქმა გსურს
და რას გულისხმობ –
შენ – დედაჩემის დედაენა
შენ დედაჩემის დედაენა
შენ – დედაჩემი.