Poems

ლურსმანი

როცა ერთ თვეში მესამედ ჩავალაგე ჩემოდანი
და მატარებლის ბილეთი შევუკვეთე,
შიშით აღმომხდა:
„ღმერთო, სად არის ჩემი სახლი“!
 
“მაინც სად არის ჩემი სახლი“? –
ვეკითხები ყველას ხმამაღლა,
გაბნეული ქვეყნებსა და ქალაქებს შორის,
კარიდან კარზე მოხეტიალე,
პილიგრიმივით უქონელი და
გზის შემყურე.
 
„სადაც შენი სამუშაო მაგიდა გიდგას,
სახლიც იქ არის“ – მწერს მეგობარი,
და ვხედავ, როგორ სწორდება წელში მაგიდის გასწვრივ.
„იქ, სადაც შენი საწოლია“ – ამბობს ჩემი შეყვარებული,
სადაც ერთმანეთს გულებით ვათბობთ,
და გაღვიძება გვიხარია.
„სადაც მუდამ გელოდებიან, სახლიც იქ არის“ –
იცინის ჩემი სტუდენტი შვილი
და გეგმებს აწყობს შორს, შორს წასვლაზე.
 
დედაჩემი ჩამომჯდარა ტელევიზორთან
და სუნთქვის რიტმს კიბეზე ამომავალ ნაბიჯს აყოლებს.
სახლი, ერთ დროს მის შვილებს რომ ვეღარ იტევდა,
ისე ივსება სიცარიელის უძრავი ქვებით,
თაგვიც აღარ დარჩენილა კარადის უკან.
 
მე კი დავდივარ, მთებს და ზღვებს შორის
და ვეძებ ჩემს სახლს,
ადგილს, სადაც პალტოს დასაკიდ ლურსმანს მივაჭედებ,
და იქიდან არც არავინ ამოაძრობს,
და ვერც ვერავინ გამიბედავს, რომ : „ამის ადგილი აქ არ არის“…
რომ „ მეტად აღარ“…